ანა დოლიძემ სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები მოინახულა.
უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სარეაბილიტაციო ცენტრის შენობა დაათვალიერა და იმ მეთოდებს გაეცნო, რომლითაც ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობენ. ანა დოლიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავს და ეს პროექტიც ამის ერთი-ერთი ნათელი დადასტურებაა.
ცნობისთვის, „კამილიელთა ფსიქო-ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში“ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის კურსი 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კურსი პაციენტთათვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, ასევე, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალიწინებს. ამ მიზნით, პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის პროგრამა მზადდება. გარდა ამისა, მათთვის გახსნილია ცეკვის, სიმღერის, ფერწერის, ძერწვის, თიხის თერაპიის, ხატვისა და სხვა ჯგუფები, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად სწავლობენ.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამ დრომდე კურსის სამი ეტაპი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია 77-მა ბავშვმა გაიარა. ამჟამად, ცენტრში სარეაბილიტაციო კურსის მეოთხე ეტაპი ხორციელდება, რომელშიც 24 ბავშვი მონაწილეობს. სარეაბილიტაციო კურსისთვის 533 396 ლარი თავდაცვის სამინისტროს სოციალური, სამედიცინო და ფინანსური დახმარების თაობაზე შემოსული კორესპონდენციის განმხილველმა კომისიამ გამოყო.
ანა დოლიძის განცხადებით, წელიწადში ორჯერ სამხედრო მოსამსახურეების იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს.
„ სამინისტრო ახორციელებს პროგრამას – „მხარი მხარს“. გვჯერა, რომ ჩვენ სოლიდარული საზოგადოება ვართ, ვზრუნავთ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათ ოჯახებზე. წელიწადში ორჯერ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვთ, უზრუნველყოფთ ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს. სამინისტროში მომუშავე ადამიანები  დაცულები არიან. ისინი აკეთებენ სამშობლოსთვის ძალიან დიდ საქმეს, ჩვენ კი ვიცავთ მათ ჯანმრთელობას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები