სამხედრო ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორად კაპიტანი გიორგი მაისურაძე წარადგინა. ჰოსპიტლის თანამშრომლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დირექტორის ახალი მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ირმა ჭანტურიძეც გააცნო.
„სამინისტროს პრიორიტეტები არის სამართლიანი კონკურსები. სწორედ, სამართლიანი და ღია კონკურსების შედეგად შეირჩა ახალი, კომპეტენტური კადრები – ჰოსპიტლის დირექტორი და მისი მოადგილე. მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი არის სამხედრო პირი, რომელმაც განათლება თურქეთში მიიღო. თურქეთი ჩვენი პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყანაა, რაც სიმბოლური აქტია. ჩემი აზრით, ეს იქნება ნიშანი, რომ გორის ჰოსპიტალში ბევრი რამ მეტად მოწესრიგდება. ასევე გაუმჯობესდება კოორდინაცია შეიარაღებულ ძალებსა და ჰოსპიტალს შორის. ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ დასავლურ სტანდარტებს, რომლის შესრულებისკენაც ვისწრაფვით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, კაპიტანი გიორგი მაისურაძე 2014-2015 წლებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობდა. კაპიტანი მაისურაძე 2007 წელს თურქეთის გულჰანეს სამხედრო სამედიცინო აკადემიის სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომირებული სპეციალისტი გახდა. 2013 წელს კი ამავე აკადემიის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალის კარდიოლოგიურ დეპარტამენტში დოქტორის ხარისხი დაიცვა.