ანა დოლიძემ დაღუპული სამხედროების სახელზე კვიპაროსის ხეები დარგო

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად დაღუპული სამხედროების სახელზე კვიპაროსის ხეები დარგო.
გამწვანების აქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონს საჩუქრად 50 ნერგი გადასცეს. ანა დოლიძის განცხადებით, ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა იზრუნოს და გააუმჯობესოს ის სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, გარემო გვქონდეს ჯანსაღი და ისეთი, როგორიც არის დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. ამისთვის ჩვენ ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა ვიზრუნოთ და გავაუმჯობესოთ ის სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. რაც მეტი ხე იქნება საქართველოში, მით უკეთესი იქნება ჰაერის ხარისხი და ჩვენი მომავალი თაობა უკეთეს გარემოში იცხოვრებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ. ფონდ „გაამწვანე საქართველოს“
აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშიძემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს.
„მოხარულები ვართ, რომ სამხედროებთან ერთად კიდევ ერთი ღონისძიება გავმართეთ. ჩვენ ერთობლივი ძალებით უკვე გავამწვანეთ ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავი მარაბდაში. გამწვანების აქცია ასევე გვქონდა აეროპორტში და ქოშიგორაზე. დღეს კი ამ მოედანზე 50-მდე კვიპაროსი დაირგო.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები