ქართული სული სახელად – „შავფაროსანი“
ქართული სამოსის პასუხისმგებლობა, რომელსაც გარშემო მყოფების მხრიდან მოწიწება და განსაკუთრებული დამოკიდებულება მოაქვს. რისი ჩაცმა უწევს ხშირად თევდორე ბერიაშვილს…
– 9 წელია „შავფაროსანი“ ვარ. ვარჯიში რომ დავიწყე, 14 წლის ვიყავი. მას შემდეგ აქტიურად ჩავები ქართული ტრადიციების გაღვივებაში. 1992 წელს ჩემმა მასწავლებელმა კახა ზარნაძემ ექსპედიციებით შეძლო ძველი ქართული იარაღი თუ საბრძოლო ილეთი აღედგინა. მე რომ მივედი, მოძიებული ინფორმაცია უკვე დამუშავებული და გამზადებული დამხვდა. ახლა უკვე მოსწავლეები მყავს და საკუთარ ცოდნას მათ გადავცემ… შევქმენით ახალგაზრდული ფედერაცია და მონაწილეობას ვიდეორგოლებში, ფილმებში და ფესტივალებე ვიღებთ.
– 14 წლის ბიჭმა რატომ გადაწყვიტე საბრძოლო ხელოვნება გესწავლა?
– ვფიქრობ, ყველა ქართველს აქვს ჩვენი ტრადიციების პატარა ნაპერწკალი. ამ ნაპერწკალის რელიზებას ზოგი ცეკვით ახდენს, ზოგი სიმღერით, ზოგი ლექსით და მხატვრობით. სურვილი მქონდა, ქართული საქმე მეც მეკეთებინა. გავიგე, რომ არსებობდა კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნების შესახებ და გადავწყვიტე, მათთან მივსულიყავი. გარდა ამისა, ეს არის სპორტული აქტიურობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
– რთული აღმოჩნდა ქართულ საბრძოლო იარაღებთან მუშაობა?
– რთული იყო, იმიტომ რომ დიდ ძალას მოითხოვს. დასაწყისში ფიზიკურად მოვემზადეთ, რომ შემდეგ ილეთების გაკეთება ადვილი გამხდარიყო. ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, ვარჯიშიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, ქუჩაში გამოსვლის თავი აღარ მქონდა, მთელ ენერგიას იქ ვხარჯავდი. გვქონდა ჭიდაობა, კრივი… ამ დროს აგრესიაც იკლებდა ჩემში და გარეთ რომ გამოვდიოდი, კეთილი ადამიანი ვიყავი, იმიტომ რომ მთელი უარყოფითი ემოცია უკვე დარბაზში მქონდა დახარჯული.
– დაინტერესება თუ გაიზარდა, რამდენი მოსწავლე გყავს?
– მე რომ მივედი, ძალიან ცოტანი ვიყავით. რამდენიმე ვვარჯიშობდით და იქიდანაც მარტო მე დავრჩი. დღეს 13 მოსწავლე მყავს, ძალიან კარგად ვარჯიშობენ და იმედი მაქვს, რომ ბოლომდე გააგრძელებენ…
– ბოლომდე გაგრძელება რას ნიშნავს, როგორ სულს აღვივებს ბავშვებში თქვენი პროფესია?
– ამ ყველაფრის მომავალი არის ის, რომ გახდე მებრძოლი. პირველ რიგში, კარგად უნდა ისწავლო. ჩვენი სკოლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვი გონებრივად განვავითაროთ. გვაქვს კითხვითი დავალებები, ასევე ისტორიული ან მხატვრული ნაწარმოების განხილვა. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, როგორ სულს აღვივებს საბრძოლო ხელოვნების სწავლა. მე გაწონასწორებულ ადამიანად ჩამოვყალიბდი. ხშირად მიწევს ქართული, ტრადიციული ფორმით სიარული. ამ დროს ხალხი ცოტა „შიშით“, პატივისცემით გიყურებს და თითქოს სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ეს დამოკიდებულება კი ამაყს გხდის. იცი, რომ თუ სწორად მოიქცევი, მუდამ ამაყი იქნები.
– დღევანდელ თანამედროვეობას რამდენად სჭირდება?..
– სჭირდებათ… რადგან ყოფილა შემთხვევა, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა ბავშვების, მანდილოსნების, მოხუცების თანდასწრებით ხდება თუნდაც ბილწსიტყვაობა, ჩემი აზრით, ეს სწორი არ არის… და ზუსტად ამას ვასწავლით – თუ ექნებათ ერთმანეთთან მეგობრული, ოჯახური დამოკიდებულება, მსგავსი მოქცევის სურვილი აღარ გაუჩნდებათ.
– იარაღები და ფორმა…
– ფორმაზე და იარაღზე, ძირითადად, ექსპედიციებიდან მიღებული ინფორმაციებით გავიგეთ. შემდეგ ეს სამოსი მოვიძიეთ, ჩავიცვით და პრაქტიკაში ვნახეთ, როგორი უნდა ყოფილიყო ხანჯალი, რომ ხელი არ შეეშალა მოძრაობაში. რატომ არის საჭირო მორგებული სახელოები და სამხედრონი. იგივე იღლიაში გახსნილი ჯაჭვის პერანგი ან უბრალოდ პერანგი, რაც ხელის მოძრაობას აადვილებს.
– შენს გარდერობში როგორი სამოსია?
– ყველანაირი. ჯინსიდან დაწყებული პერანგით დამთავრებული. თუმცა ყველაზე კარგად თავს სპორტულ ტანსაცმელში ვგრძნობ.
– როცა ტრადიციული სამოსი გაცვია?…
– ჩემი მეგობრის ქორწილში დიდი სიამოვნებით ჩავიცვი, იქ ჩემი სხვა მეგობრებიც ასევე ამ სამოსით იყვნენ. არის ხოლმე მომენტები როცა გიჩნდება სურვილი, რომ ხევსურული ფორმა ატარო. თან კომფორტულია, რადგან ჯანსაღი მატერიაა. მაგრამ ყოველდღიურად ნამდვილად ვერ გამოიყენებ. როცა ტრადიციული სამოსი მაცვია, ამ დროს მეტი პასიხისმგებლობის გრძნობა მაქვს, მოძრაობაც კი შესაბამისი უნდა გქონდეს.
– გარდა იმისა, რომ მოგწონს, რაში შეიძლება გამოიყენო თანამედროვე ცხოვრებაში?
– არსებობს ორი მიმართულება – ერთია შავფაროსნების თეატრი და მეორე სპორტული მიმართულება, რომელიც მოიცავს ჭიდაობას, კრივს და ა.შ. თეატრი აკეთებს შოუს, წარმოადგენს ტრადიციულ ორთაბრძოლებს, მაგალითად, კეჭნაობას. ჩვეულებრივი თამაში იყო, ხევსურეთში ქორწილში კეჭნაობით ერთმანეთში ვაჟკაცობას ამტკიცებდნენ. ეს არ იყო ორთაბრძოლა ადამიანის დაზიანებაზე, პირიქით, ვინც უფრო ნაზ ჭრილობას მიაყენებდა, გამარჯვებული ის იყო. ჭრილობაში ქალის თმა უნდა ჩატეულიყო და თუ მეტად დააზიანებდა, საზღაური უნდა გადაეხადა, რომელიც ხორბლის მარცვლებით ითვლებოდა. სპორტულ ნაწილს რაც შეეხება, ტარდება ხოლმე ჩემპიონატები.
– რამდენად სახიფათოა?
– მე მუხლის ტრავმა მაქვს. თუმცა მიზეზი საბრძოლო ხელოვნება არ არის. ტრავმატული სპორტი ნამდვილად არის, მაგრამ ერთმანეთს ვუფრთხილდებით. ეს პატარ-პატარა ტრავმები აძლიერებს ფსიქიკას. როცა ითმენ, ამ დროს ბლოკავ ტკივილს და ასეთი გაკვეთილები ცხოვრებაში ძალიან გადგება.
– იარაღები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, რამდენად „ნამდვილია“?
– იარაღი არის ნამდვილი, ეს არის ძველი მოძიებული იარაღების ასლები. მაგრამ არ არის გალესილი, რომ ერთმანეთს ზიანი არ მივაყენოთ. არანაირი დამცავი არ გვაქვს. მხოლოდ ხელის დამცავები გვაქვს, ისიც ცოტა ხნის წინ დავამზადებინეთ. ხევსურული სამოსი – ტალავარიც არის ისეთი, რომ ბლაგვი ხმლის დარტყმას არ ატარებს.
– გოგო თუ ყოფილა „შავფაროსანი“?
– გოგოები არიან და თან უკვე საკმაოდ ბევრი. ბევრ ქართველ ბიჭზე მაგრები.
– გოგოს უხდება?
– საქართველოს ისეთი ისტორია აქვს, რომ ვფიქრობ, ქართველი ქალები იბრძოდნენ. როგორ გაუძლებდა დედას გული, როცა შვილს ბრძოლაში უშვებდა, ალბათ თვითონაც აიღებდა ხმალს და გაყვებოდა. თავის ეშხი აქვს ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, რომ ქართველ მანდილოსანს ძალიან უხება.
– ხშირად დადიხართ საზღვარგარეთ ფესტივალებზე…
– ოთხი წელია ვმონაწილეობთ რომის დაბადებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ნატალე დი რომა“, რომელიც წაროადგენს რომთან დაკავშირებულ ყველა სახელმწიფოს საბრძოლო ხელოვნებების ფესტივალს. ეს არის ბარბაროსების, რომაელი ჯარისკაცების მწყობრი სიარული, ბერძნების ფალანგები და ა.შ. პიველად რომ ვიყავით, მაშინ ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, მაგრამ როცა ნახეს ჩვენი პერფორმანსი, შემდეგი წლის პროგრამაში ჩაგვსვეს. ქართული განსხვავებული იყო იმიტომ, რომ მათ, ძირითადად, ჰქონდათ საბრძოლო წყობები -კუს წყობა, ფალანგა და ჩვენ გვქონდა ბრძოლა. ეს არ არის უბრალოდ ხმალის ხმალზე დაჯახება. ჩვენ არ ვაკეთებთ შეტევას იარაღზე, ვაკეთებთ ადამიანზე. მაგრამ ეს არის შეთანხმებულად. სწორედ ამან განაპირობა ის ინტერესი, რაც რომში მოხდა.
– ცეკვის ელემენტები თუ გაქვთ?
– კი გვაქვს, არის ხოლმე საბრძოლო ცეკვები. ვიყენებთ ხოლმე იმისათვის, რომ წარმოდგენა უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
– რამდენად არის ექსპრომტი და ექსპერიმენტი თქვენი პერფორმანსი?
– გვქონია, გავსულვართ და გვიფარიკავია დადგმის გარშე. თუმცა იშვიათად ვიყენებთ, რადგან ძალიან სახიფათოა. მაყურებელი, ძირითადად, გაკვირვებულია, რადგან არის ტემპში შესრულებული ფარიკაობა. შორიდან ძნელია, გაარკვიო, რა ხდება, მაგრამ ბრძოლის მუხტი მოდის, რაც აოცებს მაყურებელს. სხვა ქვეყნების წარმოდგენებში რისკი მინიმუმამდეა დასული.
– რამდენი ხანი გრძელდება გამოსვლა?
– დაახლოებით 10 წუთი. ფიზიკურ მდგომარეობას მოითხოვს ძალიან მაღალს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. თუმცა, ის მუხტი, რომელსაც უშვებ, ათმაგად გიბრუნდება.
– რას გრძნობ ბრძოლის დროს, მართლა თუ გაბრაზებულხარ მოწინააღმდეგეზე?
– ეს შეიძლება წამიერი იყოს. ძალიან დიდი ადრენალინია. შეიძლება იმ მომენტში გაბრაზდე, მაგრამ ვიცით, რომ ეს შერკინება არ არის მართალი. საბრძოლო მუხტს არ ვკარგავ,თ თუმცა, ძალას ვასუსტებთ, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ.
– „შავფაროსნების“ თეატრი…
– დამოუკიდებლად ვმოღვაწეობთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ანსამბლთან ერთად გამოვსულვართ და გაგვიკეთებია პერფორმანსი, ან მოცეკვავეები დაგვხმარებიან ჩვენი წარმოდგენის გატანაში. დღეს, ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრი მოღვაწეობს არენა 2-ზე. დარბაზი- თბილისის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დაფინანსებით გვაქვს. სწორედ აქ ვვარჯიშობთ და ასევე პერფორმანსებსაც ვმართავთ.
– მომავალი…
– ამ კუთხით განვითარებაში მე ვხედავ ჩემს თავს, მებრძოლად ჩამოყალიბებულს. ასევე არსებობს შავფაროსნების თეატრი. ჩემი აზრით, უნდა იყვნენ საქართველოში ისეთი ადამიანები, ვინც თუნდაც კინოს გადაღების დროს კონსულტაციას გაუწევს ბრძოლის სცენებზე. ბევრ ფილმში მიმიღია მონაწილეობა. ხშირად ისეთი მომენტებია გაპარული ქართულ კინოში, რომ გაგეღიმება. იმისათვის, რომ არ შერცხვეს ქარული კინო, აუცილებელია ჩვენი საქმიანობა მათთვის. ჩემს პერსონას ვხედავ, როგორც მებრძოლს, მსახიობს…
ნინო ჯაჯანიძე