თავდაცვის სამინისტროს ჰოლანდიელი სამხედრო ფსიქოლოგები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ფსიქოლოგები ესტუმრნენ.
ვიცე-პოლკოვნიკი ვოლტერ ვან ლიშოთი და რიანეკე ვან დერ გააგი, სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის, პროექტ „მხარი მხარს“ ფარგლებში იმყოფებიან.
ისინი ქართველი კოლეგებისთვის სპეციალურ ტრენინგებს ატარებენ. უცხოელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი მასპინძლობს.
„პოზიტიურად ვაფასებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერის პროგრამას, „მხარი მხარს“, რომელიც მხოლოდ სამხედროების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვას არ გულისხმობს და სხვა მრავალ მიმართულებას ფარავს. ერთმანეთს გამოცდილება უნდა გავუზიაროთ, როგორი ურთიერთობა და დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამხედრო მოსამსახურეებთან. ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც სწორედ ეს არის – კიდევ უფრო მეტი დახმარება გავუწიო ჩემს ქართველ კოლეგებს. პროგრამა „მხარი მხარს“ ამ მიმართულებით ახალი პროგრამაა, რომელიც კვალიფიციური სპეციალისტების მიერ არის შემუშავებული და პროექტში ჩართული სპეციალისტების მუდმივ განვითარებას მოითხოვს“, – აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა ვოლტერ ვან ლიშოთმა.
ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა სურვილი გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. სამუშაო შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოში ჰოლანდიელი სპეცილისტების დახმარებით დანეგრილი ფსიქოთერაპიული მეთოდი (EMDR) განიხილეს და შეაფასეს.
საყურადღებოა, რომ აღნიშნული პროგრამა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ პირველი არჩევის მეთოდს წარმოადგენს.
ქართველი სპეცილისტებისათვის უკვე ჩატარდა ტრენინგი ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკის თემაზე და ამ პროცესში სტრუქტურირებული კლინიკური ინტერვიუს გამოყენებაზე.
„ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგები დაინტერესებულები არიან, რომ პროექტი „მხარი მხარს“ მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელდეს. ჩვენი დეპარტამენტის სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ, მაღალი დონის ტრენინგებს დასწრებოდნენ მკურნალობის და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანთ სტრუქტურული კლინიკური ინტერვიუს სახით დიაგნოსტიკის ჩატარების ცოდნასა და შესაბამის უნარ-ჩვევებს“,- აღნიშნა ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სიხარულიძემ.
თავდაცვის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური და მორალური კეთილდღეობა. ამ გზაზე პარტნიორი სახელმწიფოების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესი პროცესია.