„ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს“

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მორიგი რეფერენდუმის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“ეს არის ამ ეტაპზე დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივა. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. რეფერენდუმი დაინიშნება და ჩატარდება, ეს იქნება უკანონო აქტი, როგორც ნებისმიერი ამ ტიპის აქტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება. ამგვარი ე.წ. რეფერენდუმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ორჯერ – 1999 და 2006 წლებში გაიმართა. თუ დაინიშნება მორიგი რეფერენდუმი, მის შედეგს ისევე არ ექნება სამართლებრივი ძალა, როგორც არ ჰქონდა წინა ორი ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს და მას ისევე, არ ცნობს საერთაშორისო სამართალი”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაყვანად რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა“.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ ძმურ რუსეთთან და მრავალი წლით უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა“, – განაცხადა თიბილოვმა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი რუსულ მხარესთან შეთანხმებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები