თიბილოვი რუსეთის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეყვანის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეყვანაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც თიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვლადისლავ სურკოვთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, „რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნებაა“.
„დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ჩვენ ისტორიული არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავერთიანდეთ ძმურ რუსეთთან და მრავალი წლით უზრუნველვყოთ ჩვენი რესპუბლიკის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი რუსულ მხარესთან შეთანხმებული იქნება.