ცხინვალის საბავშვო ბაღში მასწავლებელი ბავშვს ფიზიკურად გაუსწორდა

ცხინვალის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ორ აღმზრდელს მოვალეობის შესრულება დროებით შეუჩერდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ისინი ეჭვმიტანილები არიან ბავშვის ცემაში.
საბავშვო ბაღ „მალუსაგის“ ერთ-ერთ აღსაზრდელს სახეზე სილურჯე და ნაფხაჭნები აღენიშნება. ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტრო ბავშვის სახეზე დაფიქსირებული ტრავმების მიზეზებს არკვევს. სამედიცინო ექსპერტს ვიაჩელსავ მამიევს მიაჩნია, რომ ბავშვს ყელში მოუჭირეს ხელი.
„ბავშვს აშკარად ეტყობა თითების კვალი. თითების კვალი შეინიშნება როგორც კისერზე, ასევე ლოყებზე. მშობლებმა ჩვენთან ბავშვი შემთხვევიდან მხოლოდ მეოთხე დღეს მოიყვანეს. მათ მიერ პირველ დღეს გადაღებულ ფოტოებზე ეს კვალი კიდევ უფრო კარგად ჩანს“, – განაცხადა მამიევმა.
რაც შეეხეებათ ბაღის აღმზრდელებს, მათ „სპუტნიკთან“ საუბარში კონკრეტულად ვერ თქვეს, მიაყენეს თუ არა ბავშვს ფიზიკური შეურაცხყოფა და ურჩიეს, ყველა კითხვით ე.წ. განათლების სამინისტროს მიმართოს.
ბავშვის მშობლები სამართალდამცველ ორგანოებს არ მიმართავენ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტრო მომხდარს შეისწავლის და მათ მიერ დასმულ კითხვებს პასუხს გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები