ცხინვალელ ქალებს შარვლის ტარების უფლება მისცეს
დღევანდელი მდგომარეობით, რელიგიურმა სექტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 2.000-ზე მეტი მოქალაქე ჩაითრიეს თავიანთ საქმიანობაში, – ამის შესახებ ოსურ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა “ახალი თაობა” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივებს ყველაზე მეტად ის აშფოთებთ, რომ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები არასრულწლოვნების გადაბირებაზეც გადავიდნენ. როგორც აქაურები ამბობენ, სექტებში 15 წლის მოზარდებიც წევრიანდებიან.
ცხინვალელთა ცნობით, სექტებს საქმიანობაში ისიც უწყობს ხელს, რომ მათ წარმომადგენლებს რესპუბლიკის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი პოსტები უკავიათ.
„ადგილობრივები „ჭეშმარიტ ღმერთზე“ საუბრით ისე შეღონდნენ, რომ სექტების გარშემო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის გამართვა მოითხოვეს. შეხვედრის ინიციატივა ცხინვალელი ახალგაზრდებისგან მოდიოდა.
რელიგიურ მიმდინარეობებთან დაკავშირებით იქ რაც ითქვა, ჩვენმა არასამთავრობოებმა და უჩა ნანუაშვილმა რომ გაიგონ, თმა სულ ყალყზე დაუდგებათ. ცხინვალელები კი ამ შეფასებებს ლამის ტაშის გრიალით შეხვდნენ.
ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდობა შეთანხმდნენ, რომ ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სექტები რესპუბლიკის მოსახლეობაზე დამღუპველად მოქმედებენ.
შეხვედრის მონაწილეთა აზრით, რესპუბლიკის ისედაც მცირერიცხოვანი მოსახლეობა ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისაგან უნდა იყოს დაცული.
მათი თქმით, ახალგაზრდობის გადასარჩენად ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სექტების თარეში საფუძველშივე უნდა აღმოიფხვრას.
მოგეხსენებათ, სამხრეთელ ოსებს ყველაფერში რუსების იმედი აქვთ. ჰოდა, სჯერათ, რომ ამ 3 სენთან ბრძოლაშიც მათ მოსკოვი დაეხმარება.
ოსური მედიის ცნობით, რესპუბლიკაში სექტანტების რიცხვი ათჯერ აღემატება ნარკომანთა რაოდენობას.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნარკომანების განკურნების შანსი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ახალგაზრდების სექტებიდან გამოხსნა.
საინტერესოა, როგორ ახერხებენ რელიგიური მიმდინარეობები ცხინვალის რეგიონის ასე მარტივად დაპატრონებას.
აქაური კანონებით, რელიგიურ მიმდინარეობებს რესპუბლიკაში საქმიანობა ეკრძალებათ.
კანონის ძალით აკრძალულები მიწისქვეშეთში მოქმედებენ და თავიანთ საქმეს ძალიან კარგად აკეთებენ.
რელიგიის საკითხებში რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენლის სონი ხუბაევას თქმით, ბოლო წლებში სექტანტთა ასაკი გაახალგაზრდავდა.
ადრე თუ რელიგიურ მიმდინარეობებში ასაკოვანი ხალხი შედიოდა, ახლა იქ გაწევრიანების სურვილს 15-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდობა გამოთქვამს.
ყველაზე მეტად ცხინვალელები იეჰოვას მოწმეებმა შეაშფოთეს. ხუბაევას თქმით, ისინი ამერიკიდან საკმაოდ კარგად ფინანსდებიან.
ისევე, როგორც ჩვენთან, იეჰოვას მოწმეები იქაც ლიტერატურის დარიგებით არიან დაკავებული. ცხინვალელთა გაოგნებას იწვევს ის გარემოებაც, რომ რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები „ჭეშმარიტ ღმერთზე“ სასაუბროდ მათთან სახლში დაუპატიჟებლად მიდიან“, – წერს გაზეთი „ახალი თაობა“.
ცხინვალელები აღშფოთებული არიან იმით, რომ იეჰოვას მოწმეები ჯარში არ მიდიან და, შესაბამისად, უარს ამბობენ „სამშობლოს“ დაცვაზე.
„მოგეხსენებათ, ეს მიმდინარეობა რაიმე სახის სამედიცინო ჩარევას კრძალავს, რაც სამხრეთელი ოსებისთვის გაუგონარია.
მათი თქმით, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება მომაკვდავ ადამიანს არ დაეხმარო. სექტებმა აქაურ პედაგოგებსაც მიაკითხეს და მუსიკალური სასწავლებლის ერთი მასწავლებელიც გადაიბირეს.
ამ მასწავლებელს კი ერთ იუბილეზე უარი განუცხადებია იმ მუსიკალური ნაწარმოების შესრულებაზე, რომელიც „სამშობლოს დამცველებს“ ეძღვნებოდა“, – წერს გამოცემა.
გაზეთის ცნობითვე, ცხინვალის რეგიონში საკმაოდ მყარად მოიკიდეს ფეხი ე.წ. ნეო-ორმოცდაათიანელებმაც.
„ახლა ამ მიმდინარეობის წევრ ქალებს შარვლის ტარების უფლებაც მისცეს. მათ ასევე შეუძლიათ, გამოიყენონ კოსმეტიკა. ადრე ეს აკრძალული იყო“, – აღნიშნულია სტატიაში.
ადგილობრივი ჟურნალისტი მადინა ვალიევა, რომელიც იმავდროულად პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრია, სექტების აყვავებას ხელისუფლებას აბრალებს.
„რესპუბლიკაში“ მოქმედ სექტებთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული მასალები მოვიპოვე. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიდა, მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ჩარევის შედეგად მასალა ეთერში არ გავიდა“, – ამბობს მადინა ვალიევა.
რელიგიურ საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, რელიგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები თითქმის ყველა სამინისტროში არიან.
„სექტების შემოსევას ცხინვალელები სხვადასხვანაირად ხსნიან. ამ რეგიონში რელიგიური საკითხები კარგად არ არის მოგვარებული და დღემდე გაურკვეველია, ვის ექვემდებარება ადგილობრივი ეკლესია. აქაურები ამბობენ, რომ სასულიერო პირების ნაკლებობის გამო რეგიონში სულიერების ვაკუუმი შეიქმნა, რაც სხვადასხვა მიმდინარეობამ ამოავსო.
სტუდენტური საბჭოს თავმჯდომარე სოსლან პლიევი სათანადო სტრუქტურებს დასავლურ სექტებთან სერიოზული ბრძოლისკენ მოუწოდებს. ამ ახალგაზრდა კაცის თქმით, მიმდინარეობებს რესპუბლიკისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიათ“, – აცხადებს ის.
ადგილობრივები ხელისუფლებისგან ითხოვენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა რესპუბლიკაში მართლმადიდებლური რელიგია გაძლიერდეს. „განათლების სამინისტროს“ კი სთხოვენ, სასკოლო საგნებს დაემატოს რელიგიის სწავლებაც.
„ადგილობრივი ახალგაზრდები შეთანხმდნენ, რომ რელიგიური მიმდინარეობების წევრების გამოაშკარავებას დაიწყებენ. ასევე იგეგმება იმ თანამდებობის პირების გადაყენება, რომლებიც სექტებთან კავშირში იქნებიან შემჩნეულნი.
ამ მიმართულებით თუ კარგად წავიდა მუშაობა, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს წასვლა მოუწევს. ცხინვალში არ გამორიცხავენ, რომ რელიგიურ ორგანიზაციებში კიდევ რამდენიმე მინისტრის მოადგილე იყოს გაწევრიანებული“, – წერს „ახალი თაობა“.