ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან კიდევ ერთ ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხსნის

ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ე.წ. საზღვარზე კიდევ ერთი გამშვები პუნქტი გაიხსნება. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.
აქამდე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს და საქართველოს შორის სამი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. ორი ძაუს რაიონში და ერთი ახალგორის მხრიდან. სოფელი ხელჩუა ქართულ სოფელ ზარდიანთკარს „ესაზღვრება“, სადაც რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, აუცილებელია იმ ადამიანთა ნათესაური კავშირების გათვალისწინება, ვინც „საზღვრის“ ორივე მხარეს ცხოვრობს.
ხელჩუაში ე.წ. საკონტროლო – გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებას ე.წ. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ამ ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში ეს პირველი გადასასვლელი იქნება საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის გორის რაიონის მხრიდან. აქამდე მსგავსი გადასასვლელი მხოლოდ ახალგორის რაიონში და რაჭის მხრიდან ფუნქციონირებდა. გორის რაიონის სოფელ ერგნეთიდან ცხინვალში გადასასვლელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები