ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელებაა

ცხინვალში პოლიტიკური ვითარება იძაბება. 2017 წელს აქ „საპრეზიდენტო“ არჩევნები ტარდება. ამ თანამდებობის დაკავების სურვილი კი ისევ ბევრს შეუღიტინებს , – ამის შესახებ გაზეთი „ახალი თაობა“ წერს.
„საპრეზიდენტო კანდიდატები ჯერ არ გამოკვეთილან. ერთადერთი, ვინც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ღიად გამოთქვა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ედუარდ კოკოითია.
სხვები ჯერ არ ჩქარობენ. სამაგიეროდ, კომპრომატების ომი უკვე დაიწყო. ყველაზე შავად საქმე ბორის ჩოჩიევს აქვს“, – წერს გამოცემა.
არსებული ინფორმაციით, ის ან თავად იყრის არჩევნებში კენჭს, ან კოკოითის წარმომადგენელი იქნება. ბორის ჩოჩიევი ახლო წარსულში რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მან ეს თანამდებობა აგვისტოში დატოვა. მის გადადგომასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.
„საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ძირს უთხრიდა და ძველ მეგობართან – ედუარდ კოკოითისთან თანამშრომლობდა. ორგანიზაცია „ალონის“ თავმჯდომარე სოსლან კოკოევი მას სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს და დეზერტირობაში ადანაშაულებს.
კოკოევის და ჩოჩიევ-კოკოითის დაპირისპირება 2011 წლიდან მოდის.
ცხინვალში იმ წელსაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა. კოკოევი მაშინ ინტერნეტპორტალ „უასამონგას“ რედაქტორი იყო. ის მკაცრად აკრიტიკებდა კოკოითის ხელისუფლებას. ამის გამო მას სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და ცოტა ხნით ციხეშიც კი გაუშვეს. ახლა ის პოლიტიკური ორგანიზაციის თავმჯდომარეა და თავად აპირებს ოპონენტების ციხეში გაშვებას“, – წერს გამოცემა.
პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი სოსლან კოკოევის მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში ისიც იყრის კენჭს.
„2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ ულვაშა ჩოჩიევი უულვაშოდ გამოგვეცხადა. მაშინ თქვეს, რომ ჩოჩიევმა ულვაშები ომში გამარჯვების და რუსეთის მიერ ცხინვალის აღიარების აღსანიშნავად მოიპარსა. თუმცა, როგორც კოკოევი აცხადებს, მან ეს სულ სხვა მიზნით გააკეთა.
– ჩოჩიევთან კარგა ხანია, დაპირისპირებული ვარ, ცოტა ხნის წინ ჩემზე უკითხავს, ეგ ვინ არის საერთოდო. მე ის კაცი ვარ, ვინც 2008 წლის 9 აგვისტოს ცეცხლმოკიდებულ ცხინვალში ჩამოვედი, ჩოჩიევი კი ამ დროს ქალაქიდან გარბოდა. იმისთვის, რომ არ ეცნოთ, ულვაშები მოიპარსა.
მისი თქმით, ჩოჩიევის გაქცევის მცდელობის ფაქტს რუსი სამხედროები და ჟურნალისტები ადევნებდნენ თვალს.
ჯინსებში და კუბოკრულ პერანგში გამოწყობილი, ულვაშებგაპარსული ჩოჩიევი ქალებით, ბავშვებით და მოხუცებით სავსე მანქანაში ცდილობდა შეძრომას. თან ყვიროდა, უნდა ჩამსვათ, მთავრობის წევრი ვარო“, – ამბობს „ალონის“ ლიდერი.
მისი თქმით, ამ ფაქტის ერთ-ერთი მომსწრე იყო ვინმე სლადკოვი. რომელიც ჩოჩიევის საქციელით აღშფოთებულა, ის მანქანიდან გადმოუთრევია და მიწაზე დაუგდია. იმ მანქანამ კი ცხინვალი დატოვა“, – წერს „ახალი თაობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები