რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთიდან სარკინიგზო ძალები გაჰყავს
რუსეთის სარკინიგზო ძალებმა 10 ოქტომბრამდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია უნდა დატოვონ. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. როგორც სააგენტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეატყობინეს, სამხედროების გაყვანის მიზეზი მათ მიერ დავალების ვადამდელი შესრულება გახდა.
„ამ დროისთვის აფხაზეთიდან გაყვანილია სამხრეთ სამხედრო ოლქის სარკინიგზო ბრიგადის პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ეს პროცესი 10 ოქტომბერს, დაგეგმილზე 2 თვით ადრე დასრულდება“, – განუცხადეს „ტასს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის სარკინიგზო ჯარები ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის მიზნით შეიყვანეს. სააგენტოს ცნობით, სამხედროებმა ქალაქ ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე 33-კილომეტრიანი მონაკვეთი განაღმეს და აღადგინეს. აქ ზოგიერთი ჭურვი და ნაღმი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ იყო დარჩენილი. მთლიანად აფხაზეთიდან 500 სამხედრო მოსამსახურეს და 50 ერთეულ ტექნიკას გაიყვანენ.