მალაიზიაში დაკავებული სიკვდილს გადარჩენილი ქართველი ქალები სამშობლოში დაბრუნდებიან

2010 წელს მალაიზიაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი რამდენიმე თვეში სამშობლოში დაბრუნდებიან.
ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა მანანა კობახიძემ უამბო. მანანა კობახიძემ დაკავებული დარეჯან კოხტაშვილი ციხეში მოინახულა.
კობახიძის ინფორმაციით, დარეჯან კოხტაშვილმა და ბაბუცა გორდაძემ შეწყალების უფლებით ისარგებლეს და სასჯელის გარკვეულ ნაწილში მონარქმა ისინი შეიწყალა. როგორც კობახიძე ყვება, დარეჯან კოხტაშვილს სასჯელის მოსახდელად ერთი წელი დარჩა, ბაბუცა გორდაძეს კი თებერვალში გასდის პატიმრობის ვადა.
„დარეჯან კოხტაშვილი სასჯელს მალაიზიის ქალაქ კაჯანგის ქალთა ციხეში იხდის. 40 წუთის განმავლობაში ვესაუბრე მას. როცა ადამიანი ციხეშია, თანაც უცხო ქვეყანაში, კარგად ყოფნაზე საუბარი რთულია, თუმცა თავად დარეჯანს რაიმე საჩივარი არ გამოუთქვამს. იგი ციხეში დასაქმებულიც არის და შედარებით უკეთესი პირობები აქვს. სამწუხაროა, რომ მეორე ქალბატონს ვერ შევხდი, თუმცა, ჩვენი წარმომადგენლისგან ვიცი, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბაბუცა გორდაძე კი სასჯელს ქალაქ კოტა-კინა-ბალუს ქალთა ციხეში იხდის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია.
ორივე ქალბატონი მადლობელია არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების, არამედ მაშინდელი მთავრობისაც“,-განაცხადა მანანა კობახიძემ, რომელიც მალაიზიაში საქართველოს საელჩოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
სწორედ აღნიშული ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მან ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქალბატონი დარეჯან კოხტაშვილი.
„სამწუხაროდ, როცა ისინი დააკავეს, მაშინ არ გვყავდა წარმომადგენლობა მალაიზიაში და ძალიან ჭირდა კომუნიკაცია იქაურ სტრუქტურებთან“,-აღნიშნა კობახიძემ.
2010 წელს მალაიზიაში დაკავებული ქართველი ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი სიკვდილით დასჯას მას შემდეგ გადაურჩნენ, რაც ქართველ სამართალდამცავებს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი ნებით ჩაბარდა და ნარკოტრაფიკის ბრალდება თავის თავზე აიღო. იგი სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები