რუსეთის ეპარქიის მაღალი სასულიერო პირები აფხაზეთის ეკლესიის სახელით სხვადასხვა დღეებში წირვა-ლოცვას ატარებენ
ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის სასულიერო ჯგუფი რუსეთის ეკლესიას თვითგამოცხადებული აფხაზეთის ეკლესიაში არსებულ განუკითხაობასა და კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია იმაზე, საქართველოს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად “აფხაზეთის ეკლესიის” მღვდლებად ირიცხებიან სასულიერო პირები, რომლებიც რეალურად რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არიან, ეს კი საეკლესიო კანონის უხეში დარღვევაა. სახელდებიან რუსეთის ეპარქიის მაღალი სასულიერო წოდების მქონე პირები – კონკრეტული იღუმენები და იერომონაზვნები, ვინც აფხაზეთის ეკლესიის სახელით სხვადასხვა დღეებში წირვა-ლოცვას ატარებენ. ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ წერს. ახალი ათონის იეროდიაკვან დავით სარსანიას განცხადებით, რუსები “აფხაზურ ეკლესიას” მიზანმიმართულად ანგრევენ ისე, რომ მათ ამაში ქართველები ხელს არ უშლიან. მისი თქმით, რუსი მღვდლების საქმიანობაზე ინფორმაცია საქართველოს ეკლესიასაც აქვს, თუმცა ამაზე რატომღაც პროტესტს არ აცხადებს. პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ ის, რაც აფხაზეთში ხდება, არ არის შეთანხმებული საქართველოს ეკლესიასთან და საპატრიაქო ამ ფაქტს ყოველთვის აპროტესტებს, მაგრამ შედეგი არაფერია. “ვიცით, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები შედიან აფხაზეთში, აცხადებენ, რომ ისინი შვებულებაში იმყოფებიან, ან მოსალოცად დადიან. სინამდვილეში ისინი აკეთებენ იმ საქმეს, რასაც აფხაზური მხარე რამდენი წელია აკეთებს. ანუ ხდება გამიჯვნა. ამ ფაქტებს ვაპროტესტებთ კიდეც, მაგრამ რა შედეგი მოჰყოლია ამას ან მოჰყვება?! შევალთ აფხაზეთში, აღვკვეთთ ამას, თუ რას მივიღებთ?!” – ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი. მისი თქმით, აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი სასულიერო პირები ვერ შედიან და ვინც იქ მოღვაწეობს, არაკანონიკურია. თეოლოგის, რელიგიათმცოდნის ლევან აბაშიძის თქმით კი, დღეს აფხაზეთში საქართველოს საპატრიარქოს მიერ ხელდასმულ მღვდლებს არ უშვებენ, საქართველოს ეკლესიამ სხვა გზა უნდა იპოვოს. „ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორიას ვერც საქართველოს სახელმწიფო აკონტროლებს და ვერც მართლმადიდებელი ეკლესია. მრევლს სჭირდება მოძღვარი, წირვა-ლოცვა და ზიარება. შეიძლება 50 წლის შემდეგ აღდგეს საქართველოს იურისდიქცია, მანამდე იმ ხალხს რა ვუყოთ, ვინც ამ 50 წლის განმავლობაში დატოვებს ამ სოფელს და სხვა სოფელში გადასახლდება? ზიარების გარეშე უნდა გავუშვათ ეს ხალხი?” – მიიჩნევს აბაშიძე.