რუსეთის საინჟინრო ძალები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ
ოკუპირებულ აფახაზეთში დისლოცირებული რუსეთის საინჟინრო ძალები პოლიგონ „ცაბალზე“ წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკს“ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურში შეატყობინეს. საველე სწავლების პროცესში აფეთქების და განაღმვის წვრთნები ტარდება, ასევე მიმდინარეობს საინჟინრო ნაგებობების აგება, ქვეით მსროლელთა, სატანკო და საარტილერიო ქვედანაყოფების პოზიციების მოწყობა, რისთვისაც ტრანშეების სპეციალური სათხრელი მანქანები გამოიყენება.
„სამხედრო მყვინთავები ტექნიკის გავლის ადგილზე მდინარის ფსკერს სწავლობენ, ამის შემდეგ მათ ინჟინრები ცვლიან, რომლებიც ხიდებს აგებენ, რისთვისაც ТММ-3-ის ტიპის მძიმე მექანიზირებული ხიდები გამოიყენება“, – ნათქვამია სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.
წვრთნების პროცესში ასევე სამხედრო ქვედანაყოფებისთვის სასმელი წყლის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. რუსული სამხედრო ბაზის საინჟინრო ქვედანაყოფების წვრთნები სექტემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს.