ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ორი დღით ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
დღეიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყებაში განუცხადეს. „საზღვრის“ ჩაკეტვა რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის მეშვიდე წლისთავს უკავშირდება.
„რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო 25 და 26 აგვისტოს საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადასვლა შეჩერდება“, – განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში.
ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების აღნიშვნასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებზე იგეგმება სტუმრების ჩასვლა რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან. „საზღვარზე“ მიმოსვლა 27 აგვისტოდან აღდგება.