საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების შეყვანის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით სარკინიგზო ჯარების შეყვანის ფაქტს. უწყება კატეგორიულად მოითხოვს, საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

“აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების საბაბით შეიყვანა სარკინიგზო ჯარები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმალობაში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ხასიათის ქმედებები. ნიშანდობლივია, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ინტერვენციამდე, რუსეთმა ასევე უკანონოდ დაიწყო აფხაზეთის რეგიონში რკინიგზის მონაკვეთის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარები შემოიყვანა, რაც შემდგომში ეფექტურად გამოიყენა საჯარისო ნაწილებისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის სამხედრო მოქმედებების დროს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემას და ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთის მხრიდან მორიგი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები