ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
25 და 26 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
ამ ინფორმაციის მიხედვით „საზღვრის“ ჩაკეტვა რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის მეშვიდე წლისთავს უკავშირდება.
„რესპუბლიკაში საზეიმო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გამკაცრების გამო 25 და 26 აგვისტოს საქართველოსთან საზღვარზე მოქალაქეების გადასვლა შეჩერდება“, – განაცხადეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრში.
საზეიმო ღონისძიებებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში იგეგმება სტუმრების ჩასვლა რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ჩრდილოეთ ოსეთიდან. „საზღვარზე“ მიმოსვლა 27 აგვისტოდან აღდგება.