ცხინვალში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 62 წლის ქალი დაიღუპა
ცხინვალში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც 62 წლის ლიდია ბეკოევა ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით ტრაგედია რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, მაგრამ მის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
აფეთქება ლიდია ბეკოევას აბაზანაში მოხდა. ბეკოევამ სხეულის 45%-ის დამწვრობა მიიღო და ის ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამის შემდეგ ბეკოევა უმძიმეს მდგომარეობაში სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდართან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ქარხნული გაყვანილობა მწყობრში იყო და აფეთქება უკანონო გაზგაყვანილობამ გამოიწვია, ვინაიდან ოჯახი ბუნებრივ აირს იპარავდა.