სოხუმში ნაგვის გატანისთვის ტარიფები 6-ჯერ გაიზრდება
სოხუმში ნაგვის გატანისთვის ტარიფები გაიზრდება. 2016 წლის პირველი იანვრიდან ის 4 რუსული რუბლის ნაცვლად 27 რუბლი გახდება. ეს გადაწყვეტილება, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, სოხუმის საქალაქო საბჭომ მიიღო.
„ეს ტარიფები 2004-2005 წლებშია დამტკიცებული. დღეს ჩვენ წაგებაზე ვმუშაობთ. ნაგვის რაოდენობა იზრდება, ტექნიკა მწყობრიდან გამოდის, საწვავი ძვირდება. ამიტომ სხვა გზა არ არის – ტარიფები უნდა გაიზარდოს“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის სპეციალური საავტომობილო მეურნეობის დირექტორმა მაც ჯინჯოლიამ.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს მეურნეობას ცხრა მანქანა გააჩნია, რაც აშკარად არ არის საკმარისი. „ტარიფების გაზრდა საშუალებას მოგვცემს, დანახარჯები დავფაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ეფექტიანად ვიმუშავებთ“, – განაცხადა მან.