ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის აღწერის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სტატისტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ინალ თიბილოვმა შეატყობინა.
მისი თქმით, აღწერა პირველად 25 წლის განმავლობაში ტარდება და მისთვის ბოლო მზადება მიმდინარეობს.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ საორგანიზაციო გეგმა, ის რაიონული და საქალაქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან არის შეთანხმებული. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს აქვს თავისი გრაფიკი და ის ერთიან გეგმაშია გაერთიანებული“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი ინფორმაციით, მთლიანად მოსახლეობის აღწერაში 250 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აღწერის ჩატარება 15-30 ივნისს იგეგმება, ხოლო მისი შედეგები 2016 წელს გამოქვეყნდება.