რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 800 მეტრით გადმოწიეს

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო მიწები მოექცა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მცოცავი ოკუპაციის ხაზმა 800 მეტრით გადმოიწია. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სოფლის ტერიტორიაზე გვიან ღამით აღიმართა.
მაცხოვრებლების თქმით, ბანერები დღეს მას შემდეგ შენიშნეს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსავლის ასაღებად მივიდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისსაც აღმართეს.
გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი – დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები