ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის დროშის დაბრუნებას არ აპირებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი არ აპირებს საქართველოსთვის დროშის დაბრუნებას, რომელიც ე.წ. ოსური სასაზღვრო ნიშნების ადგილზე იყო აღმართული. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ივლისში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა სამხრეთ ოსეთის „საზღვარი“ დაარღვია. ამ პირებმა მოხსნეს სასაზღვრო ნიშნები და მათ ადგილზე საქართველოს დროშა აღმართეს. ასევე მათ უცენზურო ხელნაწერები გაავრცელეს.
ჯიოევის ინფორმაციით, საქართველოს დროშა და ხელნაწერები სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველების მიერ აღძრულ საქმეში ნივთმტკიცებულებად არის გამოყენებული. საქმე აღძრულია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და მის სიმბოლოებზე ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტთან დაკავაშირებით.
ჯიოევის თქმით, ქართული მხარის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო დროშას საქართველოს არ დაუბრუნებენ.
თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი ამბობს, რომ საქართველოსთან საზღვრის „მოსაწყობად“ ყველა აუცილებელი სამუშაო გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები