„როსნეფტს“ და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის კონფლიქტი მწიფდება

რუსული კომპანია „როსნეფტი“ აცხადებს, რომ აფხაზეთში მისი საქმიანობის გადახედვის შემთხვევაში ის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კომპენსაციას მოითხოვს. ეს განცხადება კომპანიამ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც შესაბამის უწყებებს აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოძიების და მოპოვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მიზანშეწონილობის შესწავლა დაავალეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ხელშეკრულების გადახედვა აფხაზეთის ეკონომიკაზე, საბიუჯეტო შემოსავლებზე და ადამიანების დასაქმებაზე უარყოფითად იმოქმედებს. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ საკითხში გარკვევა უახლოეს დროში მოხდება, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ ჩადებული ინვესტიციების კომპენსაციის შესახებ მოლაპარაკებას გავმართავთ“, – აცხადებენ „როსნეფტში“.
კომპანიის ინფორმაციით, ის აფხაზეთში ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობის 50%-ზე მეტს უზრუნველყოფს.
2014 წელს „როსნეფტის“ ექსპორტმა აფხაზეთში 47 ათასი ტონა საწვავი შეადგინა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება აფხაზეთში ნავთობის მოპოვების ეკონომიკური ეფექტიანობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების შესასწავლად კომისიის შექმნის შესახებ. დეპუტატებმა მოუწოდეს აფხაზეთის ე.წ. მთავრობას ამ საკითხის შესწავლის პერიოდში ნავთობის მოძიების და მოპოვების ლიცენზია შეაჩეროს. აფხაზეთში შიშობენ, რომ ნავთობის მოპოვების შემთხვევაში შავი ზღვის საკურორტო ზონას ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები