ხოხ გაგლოითი – საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას მოსავლის აღების საშუალება ექნება
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრისპირა“ სოფლების მოსახლეობას ბაღებში და ბოსტნებში მოსავლის აღების საშუალება ექნება. ამის შესახებ, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ჟურნალისტებს ცხინვალის დელეგაციის წარმომადგენელმა ხოხ გაგლოითიმ შეატყობინა. მისი ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ „საზღვრისპირა“ მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის საკითხზე.
„ჩვენი მხრიდან ტირიფონის არხი გაწმენდილია და წყლის მისაწოდებლად გამზადებული. სარწყავი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით გადაწყდება“, – აცხადებს გაგლოითი.
გაგლოითის ინფორმაციით „საზღვარზე“ სიტუაცია სტაბილურია და ბოლო დღეებში აქ სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 23 სექტემბერს გაიმართება.