ცხინვალში გვალვამ დღის განმავლობაში ოთხი ხანძარი გამოიწვია
ძლიერი სიცხე ცხინვალში რამდენიმე ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მეხანძრეებს ერთი დღის განმავლობაში ოთხ გამოძახებაზე მოუწიათ გასვლა.
ოთხივე შემთხვევაში ხანძრის მიზეზად „ადამიანური ფაქტორი“ სახელდება. ერთ-ერთ შემთხვევაში ცეცხლი ადგილობრივი მკვიდრის გარაჟს მიუახლოვდა. მეხანძრეების თქმით, გარაჟში განთავსებული თხევადი აირის ბალონები აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, გვალვის გამო სოფელ ხუბეჟთიში წყარო გადაშრა, რომლითაც მთელი სოფელი სარგებლობდა. ახლა მოსახლეობას წყალს სახანძრო მანქანებით აწვდიან.
სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ცხელი ამინდები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აგვისტოს დასაწყისამდე შენარჩუნდება.