ხურვალეთიდან გატაცებულ ქართველს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ
ე.წ. რუსი მესაზღვრების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებულ დავით ხუროშვილი ცხინვალის იზოლატორს, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ დატოვებს.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ენუქიძის განცხადებით, გატაცებული ქართველის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული დროშის უკან გადმოცემის შესახებ.
“გატაცებულ ქართველს სავარაუდოდ დღეს ექვსი საათის შემდეგ გაათავისუფლებენ, დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამისი უწყებები საოკუპაციო ძალების ე.წ. სასაზღვრო სამსახურთან ერთად გააქტიურებული არიან აღნიშნულ მონაკვეთზე. ვფიქრობ, რომ ეროვნულ დროშასაც გადმოგვცემენ შეხვედრაზე სადაც ჩვენ განვიხილავთ საოკუპაციო ხაზთან არსებულ პრობლემებსა და ინციდენტებს”, – აცხადებს შალვა ენუქიძე.
ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში ადგილობრივი მკვიდრი 48 წლის დავით ხუროშვილი გუშინ დააკავეს. დავით ხუროშვილთან ერთად ბაღში მუშაობდნენ მისი ოჯახის წევრები.
დაკავებულის დედა ციური ხუროშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა.