ბზიფის ხეობაში ავტოავარიის დროს დაკარგული გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს
აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაკარგული დარია მიხალსკაიას ცხედარი აღმოჩენილია. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„გოგონას ცხედარი მაშველებმა ავარიის ადგილიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, მდინარე ბზიფში იპოვეს. ის პროზექტურაშია გადაყვანილი“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა ტიგრან დელიბალტიანმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რიწის ტბისკენ მიმავალი გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა. “Ssang-Yong”-ის მარკის ჯიპი, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, მდინარე ბზიფში 20 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. მანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვი. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა, ხოლო 4 წლის გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ის მდინარის დინებამ წაიღო.