გიგლა ბარამიძე: მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლესი შეხვედრებისთვის მზად არის

პარტია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პარტიის ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. ბარამიძის განცხადებით, ბურჯანაძემ უმაღლეს პოლიტიკურ წრეებთან გამართა შეხვედრები. ბარამიძის თქმით, რუსეთი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებასთან უმაღლესი შეხვედრები გამართოს.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო პოლიტიკის გამარტივებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს გადახედოს.
„ მოსკოვში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ეს იყო საერთაშორისო კონფერენცია: „21-ე საუკუნის რისკები, კრიზისები და გამოწვევები“. 21-ე საუკუნის გამოწვევებში ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვგულისხმობთ. იქ იყვნენ: ნარიშკინი, კოსაჩოვი, კარასინი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, დუმის ხელმძღვანელები… იქნებოდა მათთან ცალკე შეხვედრა თუ „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, ყველგან ნინო ბურჯანაძის მხრიდან ლაიტმოტივად უძღოდა ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთო. მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გამოვიყენეთ ის ტრიბუნა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენეთ ის პრობლემეტიკა, რაზეც ხელისუფლება გატრუნულია. ვისაუბრეთ წინა წლებში სამაჩაბლოში ჩატარებულ ეთნოწმენდაზე. ყველაფერ ამას ისმენდნენ და გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას ნამუშევარი იქ საერთოდ არა აქვს. მოსკოვის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, პირდაპირ გაჩნდა სურვილი, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირი და საუბარი მოხდეს. ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ იმ პროდუქტების ჩამონათვალი გაფართოვდეს, რომელიც რუსეთის ბაზარზე შედის საქართველოდან. რუსეთის შესაბამის სამინისტროებს იქვე მიეცათ დავალება, რომ საქართველოსთან ვიზების გაცემის პროცესის გამარტივებაზე კონკრეტული მუშაობა დაიწყოს. ჩვენი პოლიტიკური ძალის ლიდერი არ მოერიდა ეთქვა, რომ ეს ის რუსეთია, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. რუსეთი მზად არის, ამ საკითხებზე საუბარი დავიწყოთ. იმედია, ჩვენი ხელისუფლება ამით დაინტერესდება“,- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები