ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. მასში მოსაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც მიიღო.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სხდომაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკთხები, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. მათ მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობით.
საგარეო უწყების ცნობით, მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.
შეხვედრისას განხილულ იქნა რუსეთს ფეერაციის ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ. კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით და ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის გაგრძელებით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები