დავით უსუფაშვილი: ძალის გამოყენების გარეშე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები
ძალის გამოყენების გარეშე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, სადაც მან ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გამართული შეხვედრები შეაფასა.
„ყველამ სრულიად ცალსახად მოიწონა ის პოლიტიკა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს მსგავს მოვლენებში და კონკრეტულად ამ შემთხვევაშიც, კერძოდ ის, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ არანაირი პრინციპული საკითხები, მაგრამ ამასობაში არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციაზე რუსეთთან. ასეთი განვითარება, ჩვენ ხელს არ გვაძლევს და ასეთი განვითარება- პროვოკაციების აყოლა, არც ჩვენს პარტნიორებს მისცემს საშუალებას, რომ განახორციელონ ის, რაც მათ ძალებშია და მათ ხელთაა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, იმ პოლიტიკას, რომელიც არჩეული აქვს საქართველოს. ძალის გამოყენების გარეშე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, ძალის გამოყენების გარეშე უნდა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები ნატოში, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს დამატებითი კონფლიქტების ექსპორტს ევროპაში. პირიქით, ეს იქნება სტაბილურობა და მეტი წესრიგის დამყარება ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.