დავით უსუფაშვილი: საქართველო ადასტურებს მზადყოფნას მაპის მისაღებად
საქართველო ადასტურებს მზადყოფნას მაპის მისაღებად – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სათავო ოფისში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.
2015 წლის 22 ივლისს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მონაწილეობით.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული პროგრესი. მათ მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიმართ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობით.
მუდმივმა წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და აღნიშნეს, რომ ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წევრმა ქვეყნებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილება მიიღონ და წვლილი შეიტანონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ურყევი ნებაა და ამაზე ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი და ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია მორიგებულია. მისი თქმით, ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით და ეს შეეხება, როგორც დემოკრატიულ, ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე სამხედრო კომპონენტს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო ადასტურებს თავის მზადყოფნას მაპის მისაღებად.
შეხვედრისას განხილულ იქნა რუსეთს ფეერაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ, კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო რეჟიმებთან რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერით და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებით წარმოქმნილი საფრთხეები და გამოწვევები. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოთქვეს მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არალეგიტიმური და უკანონო პოლიტიკის გამო. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს მხარდაჭერა და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
ნატო-საქართველოს კომისიის გამართვამდე შედგა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუსთან. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.