გომელაური სუს-ის პრიორიტეტულ მიმართულებად ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიიჩნევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო საქართველოსთვის იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის.

ამის შესახებ მან პარლამენტის თავდაცისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, კონტრტერორისტული დანაყოფების სათანადო აღჭურვა და გადამზადება გაგრძელდება.

„ტერორიზმის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების რადიკალიზაციას და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. დღეს გლობალური ტერორიზმის გამოვლინებაა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვისაც იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის, მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ცალკეული სახელმწიფოების ტერორისტების თუ სხვადასხვა დაჯგუფების ხელში მოხვედრის თავიდან აცილება“,- განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ საფრთხის შემცველია ოკუპირებული რეგიონების არსებობა, რაც ხელსაყრელ გარემოებას ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები