“ზოგს კულტურა არ აქვს“ – პარლამენტში დაპირისპირება მოხდა – ვიდეო
პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ, უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ გიორგი თევდორაძეს შორის შელაპარაკების მიზეზი გომელაურის მისამართით კრიმინოგენური სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით უმცირესობის დეპუტატის გიორგი ბარამიძის კითხვები გახდა, რომელსაც ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მან რეპლიკის სახით განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანის მკვლელობები ხდებოდა და ამაზე წინა ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა პასუხი არ აგო. პაპუაშვილის ამ განცხადებამ თევდორაძის გაღიზიანება გამოიწვია.
დაპირისპირებაში უმცირესობის დეპუტატი ეკა ხერხეულიძეც ჩაერთო და უმრავლესობის წევრს ზაზა პაპუაშვილს თავხედი უწოდა, კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას კი სიტუაციის გაკონტროლებისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, ეკა ბესელიამ იმ დეპუტატებს, რომლებიც თავის შეკავებას ვერ ახერხებენ, სხდომის დატოვება მოსთხოვა.
„ნამდვილად არ არის ეს ბაზარი, პარლამენტია, მაგრამ ზოგს ნამდვილად კულტურა და ეთიკა არ აქვს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. კომიტეტის სხდომა რამდენიმე წუთით შეჩერდა.