თიბილოვის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საზღვრის გამაგრებას გააგრძელებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის თქმით, „საქართველოს მხრიდან პროვოკაციების მიუხედავად“, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება გააგრძელებს საზღვრის გამაგრებას. ამის შესახებ თიბილოვმა ცხინვალში ძალოვან უწყებებთან გამართულ თათბირზე განაცხადა.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, „პროვოკაციას“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 14 ივლისს სოფელ ხურვალეთთან ქართველი ჟურნალისტების აქციას უწოდებს, რომლის დროსაც მათ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ორი ბანერი დააზიანეს. ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგგარეშე სხდომაზე განიხილებოდა.
თიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარის მიერ განხორციელებული პროვოკაციების მიზანია საქართველოს გამოყვანა მსხვერპლის როლში. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების ფორმატში ე.წ. სამხრეთ ოსეთმა წინასწარ შეატყობინა ქართულ მხარეს საზღვრის გამაგრების მოსალოდნელი ღონისძიებების შესახებ.