ნინო ბურჯანაძე: ევრაზიული კავშირი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მისი დემონიზება არ არის სწორი

ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.
ბურჯანაძის შეფასებით, ევრაზიულ კავშირი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მისი დემონიზება ნამდვილად არ არის სწორი.
“შეიძლება გველოდებიან კიდეც ევრაზიულ კავშირში, მაგრამ ნებისმიერ კავშირში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ევრაზიული კავშირი ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და მისი დემონიზება ნამდვილად არ არის სწორი“, – განაცხადა ნინო ბურჯნაძემ.
რაც შეეხება ნატოს და საქართველოს სწრაფვას,რომ გახდეს აღნიშნული ალიანსის წევრი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს არ ელოდებიან.
„ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში არ ელოდებიან. იგივე გვითხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა და იგივეს გვეუბნებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. თავის მოტყუებას უნდა დავანებოთ თავი და უნდა გვესმოდეს, რომ იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულია 2 რუსული ბაზა, საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, თუ უარს არ იტყვის იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსული ბაზებია განლაგებული, ანუ აფხაზეთსა და ოსეთზე.
მე არავის ვატყუებ და ღიაა ჩემი პოზიცია, რომ მიმაჩნია, საქართველოს ტერიტორიაზე არც ნატოს ბაზები უნდა იყოს და არც რუსული ბაზები. ჩემი ამოცანაა დღესაც და იქნება, როცა ხელისუფლებაში მოვალ, რომ საქართველოს ტერიტორია გათავისუფლდეს უცხო ქვეყნის ბაზებისგან, ანუ რუსული ბაზები გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ გვქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული თანამშრომლობა რუსეთთან, არასდროს აღარ მოხდეს სამხედრო კონფრონტაცია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები