“მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია“
მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ გადაცემა “2030”-ში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თითქმის ყველა დაპირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ იყო გაცემული, ეტაპობრივად შესრულდა და სრულდება.
“მთავრობაში მოსვლის პირველივე დღიდან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. პირველსავე წელს ჩვენ დავიწყეთ იაფი აგროკრედიტის პროგრამის დაფინანსება, რომლის ფარგლებშიც 135 ახალი საწარმოა შექმნილი, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი ამ საწარმოების ფარგლებში. გარდა ამისა, 600 საწარმოა გადაიარაღებული, ჯამში კი – სოფლის მეურნეობის სექტორში დაიხარჯა 1 მილიარდ ლარამდე. ეს არის ის დანაპირები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ იყო გაცემული არჩევნებამდე და ჩვენ გვაქვს რეალური შედეგი. გარდა ამისა, გასულ წელს დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომელსაც ჰქვია “აწარმოე საქართველოში”, ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით უკვე 90-მდე ახალი საწარმო. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ სამრეწველო დარგების განვითარება და გაძლიერება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია.