ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი სურვილია,რომ ეროვნული ბანკი რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსაზრებებს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ასოცირების დღის წესრიგს ეწინააღმდეგება, უპასუხისმგებლოს და უსაფუძველოს უწოდებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “2030”-ში განაცხადა, არსებული ხელისუფლების სურვილია, რომ ეროვნული ბანკისგან მთავრობის მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს და ეროვნული ბანკი რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს.

„მე არ ვაპირებ უპასუხისმგებლო განცხადებებზე და მათ დემაგოგიაზე რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო ,თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი მთავრობის არცერთი ქმედება არ აღიქმება ჩარევად ან ჩარევის მცდელობად. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს ვერცერთი პასუხისმგებლიანი ოპონენტი და ვერ გვეტყვის, რომ ვერევით დამოუკიდებელი ინსტიტუტის დამოუკიდებლობაში. მე ამის მაგალითად მოგიყვანთ სასამართლოს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენი სახელმწიფოსი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დროს დაიწყო ეს პროცესი – ჩვენ დავიწყეთ სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის პროცესი და ჩვენ არათუ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის მცდელობა გვქონდა, არამედ პირიქით, ჩვენ მოსამართლეების მაქსიმალური დაცვა დავიწყეთ და თვით კუბლაშვილმა თქვა, რომ სასამართლო სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს არის აბსოლუტურად დამოუკიდბელი სახელმწიფოს ჩარევისაგან. ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი.

რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, თვითონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს და მინდ კიდევ გავიმეორო – რაიმე სურვილი, რომ ყოფილიყო მთავრობის მხრიდან ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევის და ამის ჩარევის საფუძველზეც მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ობიექტური საუბარი იყო წინა მთავრობის დროს, როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, ეროვნული ბანკი ძალიან აგრესიულად ჩაერია “ქართუ ბანკის“ საქმიანობაში და ნახეთ, როგორი იყო მთელი სახელმწიფოს მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ ბანკის ხელოვნური გზით გაკოტრება. ამ მიზნით სპეციალური კანონიც კი მიიღეს, პარლამენტის წევრებზე მოხდა ზეწოლა, ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, ჩვენ მომსწრენი გავხდით ძალიან დიდი უკანონობის, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ არავითარი მცდელობა არ გვქონია,რომ ბანკის ხელმძღვანელებზე რაიმე სახის ზემოქმედება მოგვეხდინა.

მე გარწმუნებთ,რომ ჩვენი მთავარი სურვილი იყო და დღესაც ასეა,რომ ეროვნული ბანკისგან მთავრობის მაქსიმალური დისტანცირება მოხდეს და ეროვნული ბანკი ჩამოყალიბდეს რეალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტად და არა პროკურატურის ერთ-ერთი დანაყოფად, როგორადაც ეს აღიქმებოდა წლების განმავლობაში. ასე რომ, ვერ მივიღებთ ამ უპასუხისმგებლო კრიტიკას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს, პრემიერის თქმით, თავდაპირველად მართლაც იყო გარკვეული შეშფოთება პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა პროცესი გახდა გამჭვირვალე და კითხვებიც მოიხსნა.

“თავდაპირველად იყო გარკვეული შეშფოთება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ ღია და გამჭვირვალე. განცხადებები,რომ ამ ინიციატივით რაიმე საფრთხე ექმნებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას არის სრულიად უპასუხისმგებლო, იმიტომ,რომ ბერვ მათ შორის ევროპულ სახელმწიფოში ზედამხედველობის სამსახური ცალკე სტრუქტურადაა ჩამოყალიბებული ასე, რომ ეს არის სახელმწიფოს გადასაწყვეტი. ეს პროცესი არის სრულიად გამჭვირვალე და ბიზნესომბუდსმენმა რამდენჯერმე მიმართა პარლამენტს გადაეწიათ ეს პროცესი, რომ უფრო მეტი დრო დაგვრჩენოდა კონსულტაციებისთვის ჩვენ. პროცესში მაქსიმალურად ჩავრთეთ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი. მე ამ საკითხზე თავად მქონდა საუბარი ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტთან, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ ისე,როგორც არის აპრობირებული ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები