ირაკლი ღარიბაშვილი: ვერავინ ჩადგება ჩემსა და კახა კალაძეს შორის
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასსა და ვიცე პრემიერ-კახა კალაძეს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030“-ში ჩართვისას განაცხადა, მას და კალაძეს ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ და მათ შორის ვერავინ ჩადგება.
„მე აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. მე და კახას გვაქვს, პირველ რიგში, მართლაც გამორჩეული მეგობრული ურთიერთობა. ის, რომ რამდენიმე განაწყენებული თუ ვიღაც შურიანი და გაბოროტებული ადამიანი ცდილობდა ჩვენს შორის რაღაც გაუგებრობის შექმნას, მათი ეს მცდელობა არის წარუმატებელი და ასეც იქნება იმიტომ, რომ მეც და კახაც პირველ რიგში, ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების წინაშე გვაკისრია. ჩვენს შორის გამორიცხულია რაიმე სახის დაპირისპირება არსებობდეს.
ეს არის აბსურდი, თუმცა ეს არის მიზანმიმართულად დამკვიდრებული აზრი, ამის მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და ვიღაც მტრებისგან, მათ შორის შიდა გუნდიდანაც იყვნენ ვიღაცეები, ვისაც არ სურთ ჯანსაღი ურთიერთობები. მე გარწმუნებთ, რომ არავითარი დაპირისპირება არ მაქვს და არც მექნება და ვერც ვერავინ ჩადგება ჩვენს შორის. ჩვენ პრველ რიგში, ვართ მეგობრები და შემდეგ ვართ თანამშრომლები. ასე ვუყურებ მე და ასეთი ურთიერთობების მომხრე ვარ ყოველთვის. არასოდეს გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც საერთო საქმეს დააზიანებს. მით უმეტეს ჩვენ ოჯახებით ვართ ძალიან ახლოს. ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ეს არის რეალობა. მე მინდა, რომ ამ საკითხს წერტილი დავუსვათ დღეს ამ ეთერში“, – განაცხადა პრემიერმა „2030“-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დღეს შესაძლო დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც. მისი განცხადებით, მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.