თამარ ბერუჩაშვილი: საბერძნეთში განვითარებული მოვლენები სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის
საბერძნეთში განვითარებულ მოვლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. როგორც თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბერძნეთში განვითარებული მოვლენები სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის.
ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რომ არ მოხდება დემოკრატიით მანიპულირება და პროფესიონალების მხრიდან სიტუაციის დასარეგულირებლად სერიოზული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
“საბერძნეთში განვითარებული მოვლენები ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. იმედია არ მოხდება დემოკრატიით მანიპულირება და სპეკულირება და სერიოზული გადაწყვეტილება იქნება მიღებული პროფესიონალების მხრიდან. ასევე, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავის ვალდებულებას აიღებს ყველა შესაბამისი პოლიტიკური ძალა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროული შეთანხმება და გამოყენებული იყოს ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმალურად დაზიანდეს ყველა ის შედეგი და მიღწევა, რაც დღეს აქვს ევროკავშირს. თავად ევროკავშირი, როგორც ერთობა შეიქმნა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც მრავლად იყო ევროკავშირის ისტორიაში და იმედი გვაქვს, რომ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ევროკავშირი მოძებნის შესაბამის კომპრომისულ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ათენში საქართველოს საელჩოსა და სალონიკში ჩვენი ქვეყნის საკონსულოს მუშაობას, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა განსაკუთრებულ რეჟიმში ფუნქციონირებს.
“ჩემი მოადგილე უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება ადგილზე. გაიმართა რამდენიმე შეხვედრა ქართულ დიასპორებთან, რომელზეც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ასევე ადგილზე იყო წარმოდგენილი ბანკ “რიკო კრედიტის” წარმომადგენელი და იყო გარკვეული შეთავაზება, რომ გადარიცხვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიგვეღო სხვადასხვა არაორდინალური გადაწყვეტილება. გარკვეული თემები მუშავდება ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების გვერდზე ამ ძალიან რთულ, არაორდინალურ სიტუაციაში და ხელი შევუწყოთ ყველა სირთულის დროულად გადაწყვეტას”, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.