დავით უსუფაშვილი ინტერფრაქციული ჯგუფის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ინტერფრაქციული ჯგუფისა და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ შეხვედრას დაესწრო და ჯგუფის წევრებს სიტყვით მიმართა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის გლობალურ წარმატებაზე, ამ ინიციატივაში საქართველოს, კონკრეტულად კი საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად ჩაერთო „ღია მმართველობის პარტნიორობის “ ინიციატივაში და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტის მიზანია, გააუმჯობესოს და უფრო ეფექტური გახადოს ხელისუფლების, კონკრეტულ შემთხვევაში კი პარლამენტის ურთიერთობა, საზოგადოებასთან, გაზარდოს საზოგადოების ჩართულობის ხარისხი პარლამენტის საქმიანობაში.
მისი თქმით, ეს ინიციატივა პარლამენტს ინსტიტუციონალური თვალსაზრისით უფრო გააძლიერებს. დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერისათვის, „ღია პარლამენტის “ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარებისთვის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამუშაო ძალიან დიდი მოცულობის არის და მისი შესრულება მჭიდრო ვადებში, დაძაბული გრაფიკით მუშაობას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები