იენს სტოლტენბერგი: რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს
რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს – “დოიჩე ველეს” ცნობით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ძალაუფლებას იყენებს მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ნატომ გააძლიერა საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არის თავდაცვის ნაწილი.
“ჩვენი პასუხი არის თავდაცვითი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეესაბამება. ჩვენ გავზარდეთ სწრაფი რეაგირების ძალები. ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან გავაძლიერეთ სამხედრო წარმომადგენლობა. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გავაძლიერეთ საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი აცხადებს,რომ ალიანსი იცავს თავის მოკავშირეებს.
“ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. რუსეთის ქმედებები აგრესიულია. ყირიმის ანექსია არის აგრესიული ქმედება. რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების თანამედროვე იარაღით, თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას, და გზავნის იქ სამხედროებს, ესეც აგრესიაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, რუსეთი კი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას საზღვრების შესაცვლელად და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.