დავით ნარმანია კვიპროსში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტებს ეწვია და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრის ტასოს მიცოპოულოსის განცხადებით, ქართულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, იხილოს ყველა ის სიახლე, რაც მათ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით დაინერგა. „ჩემს კოლეგა მინისტრს დავათვალიერებინეთ ქალაქ ლარნაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჩვენთვის ცნობილია, რომ მინისტრი დავით ნარმანია დაინტერესებულია სარეაბილიტაციო პროექტებით, ქალაქების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ასევე, საკითხებით, თუ როგორ შეიძლება ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სწორი ურბანული დაგეგმარების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს იყო კარგი საშუალება ბატონი ნარმანიასთვის, რათა თავად ეხილა, თუ როგორ ვმართავთ ამ ტიპის პროექტებს და როგორ შეუძლია საქართველოს, მიიღოს ახალი გამოცდილება და გაეცნოს სიახლეებს, რასაც კვიპროსი სთავაზობს,“ – განაცხადა ტასოს მიცოპოულოსმა. დღეს ქართული დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრას, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრთან, იოანის კასოულიდესთანაც გამართავს, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანია მის უწმინდესობას, ნოვა იუსტინიანასა და სრულიად კვიპროსის არქიეპისკოპოსს, ქრისოსტომოს II-ს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერება, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას შეეხება.
„ჩვენ ვნახულობთ როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ასევე, ვეცნობით ტექნიკურ დოკუმენტაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების მართვისას. ჩემი ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ორივე მხარე გავცვლით ინფორმაციას და გამოცდილებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარე მიიღებს ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილებას, რაშიც ჩვენი კვიპროსელი პარტნიორები მემორანდუმის ფარგლებში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.