ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია მიენიჭება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის კომპეტენტურ სამსახურს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და რეაგირების მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია მიენიჭება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. კანონპროექტები დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
მომხსენებლის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ცვლილების მიხედვით, შრომის ინსპექტორს ყოველგვარი წინასწარი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ნებისმიერ დაწესებულებაში შესვლის უფლება ექნება, რათა ტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის პრევენცია და იდენტიფიცირება მოხდეს. მისივე თქმით, კანონპროექტი ევროკავშირის რეკომენდაციის თანახმად მომზადდა. დეპუტატებმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.