მერია: მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც კანალიზაციის კოლექტორი დროებით ჩაეშვა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ

13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართულნი.
“მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად მონაწილეობდნენ და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან”. მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.

რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება”, – აღმიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები