ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ერთი თვით გადაიდო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ფოთში იუსტიციის სამინისტროს გახსნის ცერემონია თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ერთი თვით გადადო.

როგორც „კვირას“ იუსტიციის“ სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ფოთში იუსტიციის სახლი ააშენა და ის გასახსნელად მზად არის. საზეიმო გახსნა 29 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, ღონისძიება ერთი თვით გადაიდო.

„ფოთში იუსტიციის სახლის მშენებლობა გასულ შემოდგომაზე დავიწყეთ. ჩვენ ფოთელებისთვის განსაკუთრებული გულისყურით ვარჩევდით დიზაინს და ვიფიქრეთ, რომ საქართველოს საპორტო ქალაქს თეთრი შენობა დაამშვენებდა. ეს ნაგებობა კანონის დაცვით აშენდა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდა. შესაბამისად, მასზე არც სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა დაგვიხარჯავს და, რა თქმა უნდა, არც რომელიმე ბიზნესმენი დაგვიშინებია, როგორც ეს ადრე ხდებოდა. შესაბამისად, ეს უკვე მეორე იუსტიციის სახლია ზუგდიდის მერე, რომელიც არა მხოლოდ კანონის დაცვით და ხარისხიანად აშენდა, არამედ ექსპლუატაციაშიც იქნება მიღებული მანამ, სანამ მასში თანამშრომლები და მოქალაქეები შევლენ. გვინდოდა იუსტიციის სახლის გახსნა ფოთელებისთვის დასამახსოვრებელი ზეიმი ყოფილიყო, თუმცა, დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ უბედურებების კასკადის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას დაატყდა თავს, გახსნის საზეიმო ღონისძიება ერთი თვით გადაიდოს. ვიცი, რომ ამ აზრს ბევრი ფოთელი გაიზიარებს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოთის იუსტიციის სახლი 3 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურაა, რომლის შენებაც იუსტიციის სამინისტრომ 2014 წლის 17 ნოემბერს დაიწყო და ის ფოთელებს სამასზე მეტ სერვისს ერთი ფანჯრის პრინციპით სწრაფად და ხარისხიანად შესთავაზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები