მთავარ პროკურატურაში სტუდენტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
მთავარი პროკურატურა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მასპინძლობს. სასამართლო უნარების თემაზე სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან როგორ უნდა მომზადდეს შესავალი და დასკვნითი სიტყვა, როგორ ხორციელდება სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვა. თეორიული ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, სწავლების ყველა ეტაპზე სტუდენტები შესაბამის პრაქტიკულ სავარჯიშოებს შეასრულებენ და დასკვნით ეტაპზე იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩაერთვებიან. პროექტის მიზანია დაინტერესებული სტუდენტებისთვის სამართალდამცავ სტრუქტურებში და ამ სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ტრენინგს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული აქტივობა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის ნაწილია თემაზე – ,,საერთაშორისო ჰუმანიტარულისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სკოლა და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იმიტირებული პროცესი ( IHL & ICL )“, რომელშიც სხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. სტუდენტურმა თვითმმართველობამ მონაწილე 16 სტუდენტი ელექტრონული აპლიკაციების, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე შეარჩია. პროექტის დასრულების შემდეგ მათ სერთიფიკატები და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ.