დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გამართა
თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების მხარდასაჭერად შექმნილი ახალი ვებ-ვერდის – http://help.tbilisi.gov.ge/ -ს პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ვებგვერდზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებების შესახებ. მსურველებს შეუძლიათ, დაზარალებულებს გაუწიონ დახმარება საჭიროებების მიხედვით, ოჯახების მიხედვით, ასევე მოცემულია ინფორმაცია სტიქიის ზონაში სპეცტექნიკის საჭიროების შესახებ. ამასთან, მოქალაქეს თავად შეუძლია შეავსოს შესაბამისი ველი და საკუთარი სურვილის მიხედვით დაეხმაროს დაზარალებულებს.
მსურველებს დაზარალებულთათვის დახმარების გაწევა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. ვებგვერდზე ასევე განთავსდება განახლებადი ინფორმაცია სტიქიის ზონაში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული სამუშაოს შესახებ. მოქალაქეების მიერ განხორციელებული აქტივობა ვებგვერდზე მომენტალურად აისახება და ოპერატორები ქველმოქმედს ოპერატიულ რეჟიმში დაუკავშირდებიან.
„ჩვენ გავუკეთეთ ინიცირება ვებგვერდს, რომელზეც ჩვენს მოქალაქეებს და კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ დაზარალებულ მოქალაქეებს. მსურველებს შეუძლიათ, ნახონ დაზარალებულთა საჭიროებები, ასევე საჭიროებები ოჯახების მიხედვით, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. გარდა ამისა, თუ მოქალაქეები ამ ჩამონათვალში ვერ ნახავენ დასტანდარტებულ საჭიროებებს, უკვე მათი სურვილის მიხედვით არის შესაძლებელი, შეავსონ განაცხადი და გამოაგზავნონ. ვებგვერდი არის გამჭვირვალე და ინტერაქტიული. ყველა დაპირება, რომელიც ვებგვერდზე კეთდება, იმ წუთშივე აისახება. დაპირების გაკეთების შემდგომ უკვე ჩვენი ოპერატორები უკავშირდებიან ქველმოქმედს, მასთან აზუსტებენ ყველა დეტალს და ეხმარებიან დაპირების აღსრულებაში“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.