მთიან რეგიონებში მთავრობა სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს დააწესებს – რას ითვალისწინებს მთის კანონი
მთის ახალი კანონის მიხედვით რეგიონის სტატუსთან ერთად მასში მცხოვრები მოსახლეობის სტატუსიც განისაზღვრება. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე სხვადასხვა სოციალური და საგადასახო შეღავათი განხორციელდება,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.
„მაღალმთიანი დასახლების მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვების კრიტერიუმები შემდეგი იქნება: აუცილებელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა იყოს რეგისტრირებული მაღალმთიან რეგიონში და ყოველი წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვეზე მეტი დროით უნდა ცხოვრობდეს. კრიტერიუმის დარღვევის შემთხვევაში პირს სტატუსი გაუუქმდება“.
ხუნდაძის განმარტებით, სტატუსის გაუქმების საფუძველი არ იქნება 9 თვე მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრების კრიტერიუმის დარღვევა იმ შემთხვევაში, თუ პირმა ტერიტორია მკურნალობის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის გამო დატოვა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები სახელმწიფოსგან მთელ რიგ შეღავათებს მიიღებენ. მათ შორის „სოციალური დახმარების სახით, პენსიონერებზე პენსიის ოდენობის 20%-იანი დანამატი გაიცემა. მაღალმთიან დასახლებაში, სახელმწიფოს მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალისთვის, ყოველთვიური დანამატი გაიცემა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, აბონენტებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ანაზღაურდება, მაგრამ არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა. მაღალმთიან დასახლებაში ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებზე დანამატის სახით ყოველთვიურად გაიცემა საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 35%- ის ოდენობით. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ან მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსაზღვრულ შესაბამის პროგრამებში მონაწილე მასწავლებლებისთვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მუშაობენ, დანამატის სახით შრომითი ანაზღაურების 50% გაიცემა. მაღალმთიან რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ახალდაბადებულ ბავშვებზე 100 ლარის ოდენობით ყოველთვიური დახმარება ერთი წლის მანძილზე გაიცემა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
გარდა აღნიშნული ინიციატივებისა, საქართველოს მთავრობა „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის“ შემოღებას გეგმავს. ამ სტატუსის მქონე საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირები მოგების და ქონების გადასახადისგან 10 წლის ვადით გათავისუფლდებიან.