მთის კანონის მიხედვით მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების წესი იცვლება
მთის ახალი კანონის პროექტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულიერების საკითხს განსაზღვრავს. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მაღალმთიანი დასახლების ნუსხა საქართველოს მთავრობით დადგენილებით, მთის ეროვნული საბჭოს წარდგინებით განისაზღვრება.
„ ძველი კანონით ეს სტატუსი ზღვის დონიდან 1500 მეტრის ან მის ზემოთ მდებარე დასახლებას ენიჭებოდა. ახალი კანონის მიხედვით, 1500 მეტრი ქვედა ზღვარი მხოლოდ სამხრეთ საქართველოში რჩება, რადგან აქ განვითარებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმწირე არ არის. დანარჩენ საქართველოში ქვედა ზღვარი 1000 მეტრამდე, გამონაკლის შემთხვევებში კი 800 მეტრამდე შემცირდა“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა რეგიონში არსებული სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობით არის განპირობებული. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, მთიან რეგიონებში მწვავედ დგას მიგრაციის საკითხი, რის გამოც, მისი განცხადებით, მთიანი რეგიონების დასახლებული ტერიტორიები იცლება. „ახალ კანონში, განსხვავებით ძველისგან, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს ენიჭებათ“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.